ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;
2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი);
4. კონკურსის პირობები:
4.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის ძირითად სასწავლო მიმართულებებს;
4.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს;
4.3. სავალდებულოა პროექტში სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის არანაკლებ 3 აქტიური სტატუსის სტუდენტის ჩართვა; ბაკალავრიატის სტუდენტის რეიტინგი უნდა იყოს არანაკლებ 3,0 GPA-სა და დაგროვილი უნდა ჰქონდეს 120 კრედიტი მაინც.
4.4. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს;
5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადაა ა.წ. 22 ივნისის 13:00 სთ.
6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 28 ივნისს;
7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 9 თვე (2021 წლის 1ივლისიდან -2022 წლის 1 აპრილამდე);
8. პროექტის მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;
9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;
10. პროექტის დასრულებიდან 10 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;
11. პროექტების შერჩევას, გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- თამარ დოლბაია - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი;
- თეონა მატარაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე
- მანანა შამილიშვილი - პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი;
- ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
- თამარ ქარაია - კომისიის მდივანი, ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- თეა ვახანია - ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი
12. სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- საკვლევი თემის აქტუალობა-10%
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მეცნიერული ღირებულება და ინოვაცია-25%
- ბიუჯეტი-20%
- მეთოდოლოგია - 25%
- აქტივობები, მათი განმახორციელებელი პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%
13. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.